რუსეთში ქრთამის აღების ბრალდებით დააპატიმრეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების, „ტასის“ და „ინტერფაქსის“ მიერ დღეს, 23 მაისს, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის 235-ე გარნიზონის სამხედრო სასამართლომ შამარინს ორთვიანი პატიმრობა 22 მაისს შეუფარდა. რუს გენერალს ბრალად ედება დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. არაოფიციალური მონაცემებით, საუბარია სულ მცირე 1 მილიონ რუბლზე. „ინტერფაქსის“ წყაროს თანახმად, შამარინი ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმებისას. გენერლის და მისი ადვოკატების პოზიციის შესახებ რუსული მედია ჯერჯერობით არაფერს წერს. ასევე ნახეთ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა გენერალ კუზნეცოვის დაკავება 2024 წლის 23 აპრილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დააკავეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. მეორე დღეს მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ გენერალს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივანოვი სამხედრო-სამშენებლო კომპლექსს კურირებდა. 14 მაისს ცნობილი გახდა, რომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი. ასევე ნახეთ სახელმწიფო ღალატი თუ ქრთამი? - რისთვის დააპატიმრეს სერგეი შოიგუს მოადგილე 12 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა სერგეი შოიგუ და ის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე შოიგუ შეცვალა ანდრეი ბელოუსოვმა, რომელიც მანამდე პირველი ვიცე-პრემიერი იყო. ...