ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 23 მაისს, გამოაქვეყნა. ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს. ევროსასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მესამე (დ) პუნქტების დარღვევა არ დაადგინა; სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-7 მუხლის (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე - არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს) დარღვევა; ევროსასამართლომ არ დაუშვა საჩივარი, რომელიც შეტანილი იყო მე-18 მუხლის (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები - დაუშვებელია შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინი არის გათვალისწინებული) საფუძველზე. საჩივარში სააკაშვილი უთითებდა, რომ 2018 წლის 28 ივნისს მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ყოფილ დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე, გადაუმოწმებელ მტკიცებულებას ეფუძნებოდა. რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო გამოტანილ განაჩენს, სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, სააკაშვილი საჩივარში აღნიშნავდა, რომ განაჩენი ეფუძნებოდა გადაუმოწმებელ მტკიცებულებას, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლები. გარდა ამისა, საჩივარში წერია, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლე არ იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. მე-18 მუხლის საფუძველზე კი სააკაშვილი ჩიოდა, რომ მას პოლიტიკური ნიშნით დევნიან და ხელისუფლება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმს იყენებს. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები იყო სერიოზული და საფუძვლიანი. ევროსასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებში მის წინააღმდეგ იყო პირდაპირი და თანმიმდევრული ირიბი მტკიცებულებები, ხოლო ეროვნულმა სასამართლოებმა პროცესი გამართეს სრულად შეჯიბრებითობის პრინციპით, რომლის დროსაც სააკაშვილის ადვოკატმა შეძლო სათანადო პასუხების გაცემა. ევროსასამართლო აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, სასამართლოს განაჩენები იყო სათანადოდ დასაბუთებული. მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებდა, რომ 2018 წელს გელაშვილის საქმეზე მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა ბრალდების მხარის ორი მოწმის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ჩვენებებს, რაც, მისი შეფასებით, არ იყო სანდო, რ...