მაგომედ დაუდოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნევდნენ, გადადგა გროზნოს საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ (გროზნო) პრეზიდენტის პოსტიდან, რომელიც მას 13 წლის განმავლობაში ეკავა 2011 წლიდან. გასულ კვირაში მან ასევე დატოვა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა. დაუდოვმა კლუბიდან წასვლის შესახებ ტელეგრამის არხზე გამოაცხადა - მან ხაზი გაუსვა, რომ გადადგომის მიუხედავად ის „განზე არ დგას“ და კლუბში დაგროვილ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს. ასევე ნახეთ რამზან კადიროვი შვილებსა და გარემოცვას შორის - ვის დარჩება ჩეჩნეთი? ორი თანამდებობიდან დაუდოვის გადადგომის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა არ გამოცხადებულა. ამ დროისთვის, აღნიშნავს Kavkaz.Realii, დაუდოვი ოფიციალურად ინარჩუნებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს უკრაინაში შეჭრას) ხელშეწყობის რეგიონული შტაბის უფროსის თანამდებობას. საფეხბურთო კლუბ „ახმატის“ ახალი პრეზიდენტი გახდა ჩეჩნეთის ლიდერის 18 წლის ვაჟი ახმატ კადიროვი, რომელიც გუშინ სპორტის რეგიონულ მინისტრად დაინიშნა. ამ პოსტზე მისი პირველი მოადგილე გახდა უმარ დაუდოვი, რომელსაც იგივე თანამდებობა უკავია კულტურისა და სპორტის სამინისტროში. გენერალურ დირექტორად დარჩა რამზან კადიროვის მეუღლის ძმა ახმედ აიდამიროვი. პარლამენტიდან გადადგომის შესახებ მაგომედ დაუდოვმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რამზან კადიროვთან საუბრის შემდეგ მიიღო. მოგვიანებით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა თქვა, რომ დაუდოვმა „გადაწყვიტა, რომ მას აღარ სჭირდება ამ თანამდებობაზე დარჩენა და ჯობია, სხვა სფეროებში გამოცადოს თავი“. კადიროვი დარწმუნებულია, რომ მისი უახლოესი თანამებრძოლი „აუცილებლად შეძლებს ხელმძღვანელის არაჩვეულებრივი ნიჭი სხვა სფეროში გამოიყენოს“. მან არ დააკონკრეტა, რომელ „სხვა სფეროზეა“ საუბარი. 21 მაისს გადადგომის შესახებ განაცხადა ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა. ოფიციალურად განაცხადეს, რომ ხუჩიევი სხვა სამსახურში გადადის - კონკრეტულად სად, უცნობია. შემდგომი ცვლილებების ფარგლებში 20 წლის რამზან ვისმურადოვი გახდა ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ეს არის ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, აბუზაიდ ვისმურადოვის ვაჟი, რომელსაც ცოლად ჰყავს რამზან კადიროვის ქალიშვილი ტაბარიკი. ჩეჩნეთის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი მუსლიმ ხუჩიევის ძმა ტემირლან ხუჩიევი გახდა. ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ისა იბრაგიმოვი, რომელიც მანამდე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მინისტრი იყო. იბრაგიმოვი რამზან კადიროვის ნათესავია. ჩეჩნეთში საჯარო სამსახურის თანამდებობებს იკავებენ კადიროვის შვილები, მისი დები, სიძეები, ძმისშვილ...