ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, ვარჰეი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი სატელეფონო საუბრის ერთი ნაწილი მთლიანად ამოიღეს კონტექსტიდან. "მინდა გამოვხატო გულწრფელი მწუხარება, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან ამოღებულია", - წერს ვარჰეი და განმარტავს, რომ როგორც სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე პასუხისმგებელი კომისარი, იგი რეგულარულ კონტაქტზეა ხოლმე თავისი პორტფელის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებთან. "საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, მე დიდ ძალისხმევას ვდებდი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა, რომ კანონმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროკავშირის გზა. რამდენადაც კარგად ვიცი ქართული საზოგადოების ძალიან ძლიერი პროევროპული განწყობის შესახებ, ჩემი სატელეფონო საუბრისას საჭიროდ ჩავთვალე, პრემიერის ყურადღება მიმექცია იმაზე, რომ ამ კანონის მიღებით არ გამწვავებულიყო ისედაც მყიფე ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი პოლარიზაცია და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო სიტუაციები. ამასთან დაკავშირებით სლოვაკეთის ბოლო ტრაგიკული მოვლენა იქნა მოყვანილი, როგორც მაგალითი და მითითება იმისა, თუ სად შეიძლება მიგვიყვანოს პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ საზოგადოებაში, თუნდაც ევროპაში. კიდევ ერთხელ ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ მთლიანად ამოღებულია კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებისთვის მიწოდებული იყო ისე, რომ შეიძლება გამოიწვიოს მისი თავდაპირველი მიზნის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია", - დაწერა ევროკომისარმა და ისევ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ მიიღოს "აგენტების კანონი". "ამას ვითხოვ ასევე, როგორც კარგად ნაცნობი და საქართველოს აქამდე პატივცემული მეგობარი. მე ვაგრძელებ ქართველების მხარდაჭერას, რომლებიც ევროპული მომავლისთვის მუშაობენ", - წერს ოლივერ ვარჰეი. 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა. მისი განცხადებით, ეს უკავშირდება „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ მოსალოდნელ ზომებს. კობახიძე აცხადებს, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ. "ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო", - თქვა კობახიძემ. ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა ...