რუსეთის ხელისუფლება ისევ ცდილობს უკრაინას დაუკავშიროს საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ 22 მარტს მომხდარი თავდასხმა, რომელზეც პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ფილიალმა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა დღეს, 24 მაისს განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, თუმცა „უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თავდასხმასთან უშუალო კავშირი აქვს უკრაინის სამხედრო დაზვერვას“. კრემლის მიერ კონტროლირებული მედიის ცნობით, ბორტნიკოვმა ტერაქტთან უკრაინის კავშირზე ილაპარაკა ბიშკეკში, სადაც დსთ-ის წევრი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი დარწმუნებულია, რომ ტერაქტის დამკვეთთა ერთ-ერთი მიზანი იყო „დსთ-ის ქვეყნების ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება რელიგიური და ნაციონალური ფაქტორების გამოყენებით“. ბორტნიკოვის თანახმად, რუსეთს გამოძიებაში ეხმარებიან ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის სპეცსამსახურები და უკვე დაკავებულია 20-ზე მეტი პირი - როგორც უშუალო შემსრულებლები, ისე თანამზრახველები. ასევე ნახეთ Bloomberg-ის თანახმად, პუტინის გარემოცვას არ სჯერა „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში კიევის მონაწილეობისა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტსა და უშიშროების სამსახურში ადრეც განაცხადეს „კროკუსზე" თავდასხმასთან უკრაინის სავარაუდო კავშირის შესახებ. მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 144 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, თავდასხმაში ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. რუსეთის ხელისუფლებამ სცადა ტერაქტის დაკავშირება არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ „კიევის რეჟიმის“ მხარდამჭერ დასავლეთთანაც, კერძოდ, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან. მათ მოსკოვის მცდელობას პროპაგანდა და სისულელე უწოდეს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააფრთხილეს „ისლამური სახელმწიფოსგან“ მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ასევე ნახეთ აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილა ...