საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, რომლებიც „აგენტების კანონს“ ეხებოდა. მისი თქმით, კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით ამოქმედებას ბევრი ორგანიზაცია ეწინააღმდეგება. კაკაურიძის აზრით, მიზანშეწონილია, რომ დოკუმენტი შეიცვალოს. „კანონი ძალაში როგორი შევა, მთავარი ეს არის. ამ ფორმით შესვლაზე ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის - ქვეყნები. ამიტომ საუბარი იყო როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგის შესაბამისად, შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომელიც არის, შეიცვალოს, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, რომელსაც მიაჩნია, რომ კანონპროექტში გამჭვირვალობის ნაწილი უნდა შენარჩუნდეს, თუმცა სხვა ნაწილში შესაძლებელია შესწორებების შეტანა, - ის, რაც არის გარკვეული შეუთანხმებელი საკითხები და რომლის გასწორება შესაძლებელია… გამჭვირვალობის პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში, სხვა პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს. შესაძლებელია შეიცვალოს დასახელებები, ტერმინოლოგია, ბევრი ის თემა, რომელიც შეუთანხმებელია გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. გამჭვირვალობაზე პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს. თუ გამჭვირვალობას მივაღწევთ ისე, რომ სხვა პრობლემური საკითხები გადაიჭრება, ეს არის, რაზედაც უნდა იმუშაონ პოლიტიკოსებმა.“ გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, - თუ ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ ურთიერთობებს გადახედავს საქართველოსთან, ფინანსური თვალსაზრისით ეს ჩვენს ქვეყანას დააზიანებს? მინისტრის მოადგილის აზრით, ფინანსურ დახმარებაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. „ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი. ამიტომ მასთან ურთიერთობები უნდა იყოს ისეთივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი… ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული პარლამენტის მხრიდან. არ ყოფილა იქ [ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებაში] ფინანსურ სანქციებზე საუბარი, არის კონკრეტულ, ინდივიდუალურ პირებზე… მე ხომ ვერ გეტყვით, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გადაწყვეტილების შემდგომ, მე შემიძლია გითხრათ, რა გავლენა ექნება მას. ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი კურსი, რა კურსითაც ქვეყანა მიდის - ეს არის ევროატლანტიკური კურსი. იმ ფინანსურ დახმარებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის ის პოზიციები, რომლებიც გვქონდა როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან. გაცილებით მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ურთიერთობა, რომელიც გვქონდა და უნდა გვქონდეს აუცილებლად“, - თქვა კაკაურიძემ. ფინანსთა მინისტრის მოადგილე არ მოელის, ...