ერთ-ერთი აქტივისტი, თამარ დემურია ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში ჰყვება, რომ ღონისძიებაზე, რომელსაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და "ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ესწრებოდნენ, პროტესტი გამოხატეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე სიტყვებით, ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს. "ფრანგულად და ქართულადაც ვთქვით, რომ ჩვენი პროტესტი აბსოლუტურად მშვიდობიანია, ვთქვით, რომ ქართველ ხალხს არ წარმოადგენს დღევანდელი მთავრობა, რომ ჩვენი გზა ევროპაშია და ამ მთავრობის კვალობაზე ვერ წავალთ ევროპაში და რომ ისევ რუსეთში გვაბრუნებენ... ველურად მოგვექცნენ, ჩვენს ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს, მე და ჩემს ფრანგ მეგობარს ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ხელჩართული ბრძოლა გამართეს იმიტომ, რომ ჩვენ ვეუბნებოდით სიმართლეს. რუპორით ვიყავით მისული, არ მოეწონათ ჩვენი გაჟღერებული სიტყვები, ჩვენი პროტესტი", - ჰყვება დემურია და ამატებს, რომ პროტესტის გამოხატვის შემდეგ ლევილის მამული დატოვეს, დაცვამ კი მათ კარი ჩაუკეტა, რაც მისივე თქმით, აქამდე არასდროს მომხდარა. გასაპროტესტებლად მისული კიდევ ერთი პირი ამბობს, რომ ლევილის მამულიდან გამოაგდეს, მას შემდეგ, რაც მან ადგილზე მყოფ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოღალატეები დაუძახა: "მარო მაყაშვილზე სპექტაკლი იყო. [თეა] წულუკიანი დგას და უკრავს ტაშს, მოღალატე დეპუტატთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად. უკრავენ ტაშს, როგორ მოკლეს მარო მაყაშვილი რუსებმა. ავღელდი და დავიყვირე, რომ არიან მოღალატეები". პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს 27 მაისს განიხილავს. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. ...