უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში უკრაინის არმიის პოზიციების გარღვევის მცდელობის დროს, რაც ორი კვირის წინ დაიწყო, რუსეთის არმიის დანაკარგები, ერთ უკრაინელ ჯარისკაცზე რვა რუს ჯარისკაცს შეადგენს. "ერთ უკრაინელზე რვა რუსი მოდის. მაგრამ პუტინს აბსოლუტურად არ ანაღვლებს თავისი ხალხი, არც სამოქალაქო, და არც სამხედრო", - განაცხადა ზელენსკიმ ცენტრალური აზიის მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუები რუსულ ენაზე პირველად მისცა ცენტრალური აზიის ქვეყნების: ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ჟურნალისტებს. მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა 24 მაისს ხარკოვში, რუსეთის იერიშების შედეგად განადგურებულ სტამბაში შედგა. რუსეთი თავის სამხედრო დანაკარგებზე არ საუბრობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაღუპულთა საერთო რაოდენობა ბოლოს 2022 წლის 21 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ საუბარი იყო 5937 დაღუპულზე. ასევე ნახეთ სულ მცირე 53,5 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინასთან ომში - ახალი დამოუკიდებელი ანგარიში სამხედრო დანაკარგებზე ბოლო დრომდე საჯაროდ არც უკრაინის ხელისუფლება საუბრობდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ 2024 წლის 26 თებერვალს გაამხილა პირველად უკრაინის არმიის დანაკარგები რუსეთთან ომში. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ზელენსკის თქმით, 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამასთან, მას არ დაუსახელებია დაჭრილთა და დაკარგულთა რაოდენობა. რუსეთთან ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის კომენტირებისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან ცეცხლის შეწყვეტა რუსეთმა შესაძლოა სათავისოდ გამოიყენოს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტას აზრი ექნებოდა, თუ რუსეთის ჯარები სასაზღვრო ხაზზე იქნებოდნენ და არა ხარკოვის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად იმყოფებიან. თუ ასეთ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტა შეთანხმდება, - უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, - არსებობს საშიშროება, რომ რუსეთის მძიმე ტექნიკა არ გაჩერდეს და გააგრძელოს წინსვლა. 24 მაისის საღამოს, თავის სატელევიზიო მიმართვაში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა "მოახერხეს საბრძოლო კონტროლის დამყარება უკრაინის საზღვრისპირა იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსი ოკუპანტები შევიდნენ". უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 მაისს დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალები "განაგრძობენ საზღვრების გაძლიერებას" ხარკოვის რეგიონში. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ კი, პირიქით, 25 მაისს ხარკოვის რაიონში უკრაინული დანაყოფების იერიშების მოგერიების და დაჯგუფება „სევერის“ ქვედანაყოფების წინსვლის შესახებ იტყობინება. ...