სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულისგან, რომლის ერთ-ერთი გადმონაშთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა. „დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილიმა, რომლის თქმითაც, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლება ასევე გულისხმობს სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, ბიზნესის, საჯარო სამსახურისა და კულტურის სფეროს გათავისუფლებას: „სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია“. სალომე ზურაბიშვილის თქმით, შესაცვლელია საბჭოთა პოლიტიკური სივრცე, რომლის უმთავრესი გადმონაშთია ერთპარტიულობა. „ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო. 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. ...