სომხეთის ოპოზიციურმა მოძრაობამ “ტავუში სომხეთისთვის” სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი წარადგინა. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა გურგენ მელიქიანმა ერევანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მოძრაობის აქტივისტებმა მსვლელობა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ კირანციდან 4 მაისს დაიწყეს და 9 მაისიდან ერევანსა და ქვეყნის რეგიონებში დაუმორჩილებლობის აქციებს მართავენ. მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს არ ეთანხმებიან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და დროებითი მთავრობის ფორმირებას მოითხოვენ. კვირას აქციის მონაწილეები სამთავრობო აგარაკების კომპლექსთან მივიდნენ. გალსტანიანმა აქციაზე განაცხადა, რომ იქ ფაშინიანთან შეხვედრას დაელოდება. ამის შემდეგ ისინი ქალაქის ცენტრში დაბრუნდნენ. ფაშინიანმა კვირას ქვეყნის ჩრდილოეთით წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტერიტორიები მოინახულა, იტყობინება მისი პრესსამსახური. წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური. ასევე ნახეთ ერევანში ათიათასობით მომიტინგე შეიკრიბა ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც დემონსტრანტების ლიდერია და სომხეთის ეკლესიის ტავუშის ეპარქიას ხელმძღვანელობს, ჩრდილოეთის ტავუშის რეგიონში მდებარე სასაზღვრო სოფლიდან მოუძღვის წინ ერევნისკენ დაძრულ საპროტესტო მსვლელობას. ...