უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აიღო პასუხისმგებლობა რუსეთის ქალაქ ორსკში სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმაზე. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ განუცხადა, რომ 26 მაისს უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს რადიოლოკაციურ სადგურ „ვორონეჟ მ-ს", რომელიც რუსეთის ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში მდებარეობს. წყაროს თანახმად, სანამ მოწინააღმდეგის ობიექტამდე მიაღწევდა, უკრაინულმა დრონმა 1800 კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა და ამით „ახალი რეკორდი დაამყარა“. უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის განცხადებით, დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა. „უკრაინსკა პრავდა“ წერს, რომ დღემდე ყველაზე შორსმდებარე ობიექტი, რომელსაც უკრაინული დრონით დაარტყეს, რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარე სამხედრო ობიექტია და ის უკრაინის საზღვრიდან 140 კილომეტრით უფრო ახლოსაა, ვიდრე ორსკის რადიოლოკაციური სადგური. ორენბურგის რეგიონის ხელისუფლება ადასტურებს, რომ 26 მაისს უპილოტო საფრენი აპარატი „ჩამოვარდა" ნოვოორსკის რაიონში. კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასს" დღეს, 27 მაისს, ადგილობრივი მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები არ დაზიანებულა და არავინ დაშავებულა". ოლქის ხელისუფლებაში არაფერს ამბობენ სამხედრო ობიექტის შესახებ. რადიოლოკაციური სადგური „ვორონეჟ მ“ ერთ-ერთია რუსეთის სტაციონარული სადგურებიდან, რომელთა დანიშნულებაა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების აღმოჩენა დაახლოებით 6000 კილომეტრის მანძილზე. უკრაინული წყაროების თანახმად, ასეთივე რადიოლოკაციურ სადგურს 23 მაისს დრონით შეუტიეს რუსეთის კრასნოდარის მხარეშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ სადგურებზე თავდასხმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ...