უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, რომ უკვე არსებობს საბოლოო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც უკრაინაში მუშაობას დაიწყებენ ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორები. თავდაცვის სამინისტროს მიერ 27 მაისს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ პირველად 2024 წლის თებერვალში გამოხატა ინტერესი უცხოელი სამხედრო ინსტრუქტორების მიღების პერსპექტივისადმი და ამჟამად დისკუსიები გრძელდება საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებთან. ოფიციალური ცნობის მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გენერალურ შტაბთან ერთად დაიწყო შიდა სამუშაოები შესაბამის დოკუმენტებზე, რათა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დრო არ დაიკარგოს ბიუროკრატიული საკითხების შეთანხმებაზე. მედიასაშუალებებმა თავდაცვის სამინისტროს განმარტებისთვის მას შემდეგ მიმართეს, რაც 27 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსთან და მიესალმება საფრანგეთის ინიციატივას, უკრაინაში გაგზავნოს ინსტრუქტორები უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად. გენერალ-პოლკოვნიკ სირსკის თანახმად, უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლებიც პირველ ფრანგ ინსტრუქტორებს მისცემს შესაძლებლობას, მოინახულონ უკრაინის სასწავლო ცენტრები და გაეცნონ პერსონალს და ინფრასტრუქტურას. სირსკიმ იმედი გამოთქვა, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება სხვა პარტნიორებსაც უბიძგებს, რომ შეუერთდნენ „ამ ამბიციურ პროექტს“. Error Server error შეცდომისთვის ბოდიშს გიხდით! პრობლემა ჩვენს ტექნიკურ გუნდს გადაეგზავნა შესასწავლად. Please use Search above to see if you can find it elsewhere უკრაინაში ფრანგი სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის გადაწყვეტილება არც დაადასტურა და არც უარყო საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ. მისმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია BFMTV-ს განუცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადება ერთ-ერთი პროექტია, რომელიც კიევის მხარდასაჭერად პრეზიდენტ მაკრონის მიერ თებერვალში ორგანიზებულ კონფერენციაზე განიხილებოდა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ მიმართულებით უკრაინელებთან ერთად მუშაობა გრძელდება მათი საჭიროებების დასაზუსტებლად. ...