რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინიდან თითქმის ათი თვის წინ გაუჩინარებული ჟურნალისტი ვიქტორია როშჩინა დაკავებულია. ამის შესახებ დამოუკიდებელი უკრაინული გამოცემა „გრატი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტის მამამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო აპრილით დათარიღებული პასუხი, რომლის თანახმად, ვიქტორია როშჩინა დაკავებულია და ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეა. კონკრეტულად სად იმყოფება ჟურნალისტი, რა იურიდიული სტატუსით, რაშია ეჭვმიტანილი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შეკითხვებზე პასუხები ისევ არ არსებობს. უკრაინაში სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ ჟურნალისტს ტყვეობაში მყოფის სტატუსი მიანიჭა. ვიქტორია როშჩინა 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში გაუჩინარდა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან, სადაც მასალებს აგროვებდა პუბლიკაციებისთვის რუსეთის მიერ დანიშნული არჩევნების, კახოვკის ჰესის განადგურებით გამოწვეული შედეგების და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. ჟურნალისტის ადგილსამყოფლის დასადგენად ოჯახის წევრებმა მიმართეს სხვადასხვა უწყებას, მათ შორის რუსეთის სახალხო დამცველს. თვეების შემდეგ ოჯახმა მოკლე პასუხი მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო. ვიქტორია როშჩინა სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა უკრაინულ ტელეარხ Громадське-სთან, გამოცემა „უკრაინსკა პრავდასა“ და რადიო თავისუფლებასთან. ასევე - „ქალთა საერთაშორისო ფონდთან“. ...