წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სახელმწიფოს, პაპუა-ახალი გვინეის მაღალმთიან პროვინცია ენგაში ისევ აქტიურია მეწყერი, რომელმაც ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოდ, უკვე იმსხვერპლა 2000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. მეწყრული პროცესი 24 მაისიდან განვითარდა მულიტაკის რაიონში, სადაც ერთი სოფელი პრაქტიკულად, მთლიანად მიწაში ჩაიმარხა. გაეროს წარმომადგენლებს არ აქვთ იმედი, რომ სოფლის 2000-მდე მოსახლიდან ვინმე გადარჩა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გართულებულია იმის გამო, რომ ისედაც ძნელად მისადგომ მთიან რაიონში მეწყრული კერები ისევ აქტიურია. ადგილობრივი მცხოვრებნი ნიჩბებით და ხის ჯოხებით თავად ცდილობენ მიწის მასაში მოყოლილთა მოძებნას. სააგენტო „ფრანს პრესის“ მიერ დღეს, 28 მაისს, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 8000-მდე ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მეწყერი საფრთხეს უქმნის კიდევ არაერთ დასახლებას. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა ნიკოლას ბუტმა სააგენტოს განუცხადა, რომ ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ევაკუაციაზე უარს ამბობს იმ იმედით, რომ მეწყრის შედეგად დაკარგული ახლობლების პოვნას შეძლებენ. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პაპუა-ახალი გვინეის მთავრობამ ბუნებრივი კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის საერთაშორისო დახმარება ითხოვა. მზადყოფნა უკვე გამოთქვეს დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ, ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. გაერომ მოიწვია საგანგებო ვიდეოკონფერენცია, რომელიც 28 მაისს გაიმართება. ...