შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, რომ პარლამენტის შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ. „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“. შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, 19 საათისთვის, საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა მას 5 დღის ვადაში პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონის გამოქვეყნების შემდეგ 60 დღე ექნებათ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება. ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდების, უარი თქვას „რუსული სტილის" კანონზე და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე. „აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”. ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გა...