აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანტიდემოკრატიული უწოდეს „აგენტების კანონს”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 28 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა იმედგაცრუებული არიან საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოეთის აგენტების” ანტიდემოკრატიულ კანონზე ვეტოს დაძლევით. ჟან-პიერმა ხაზი გაუსვა ამ კანონით გამოწვეულ, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტს და იმას, რომ ბევრმა ქართველმა თავისი პოზიცია ძალიან მკაფიოდ გამოხატა. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს უცხოური მთავრობის აგენტებად დარეგისტრირებას, თუ უცხოეთიდან მათი დაფინანსება 20 პროცენტს აღემატება და მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში, ასეთი ტვირთის შექმნა ძირს უთხრის ამ შესაძლებლობას. როგორც კარინ ჟან-პიერმა თქვა, სამოქალაქო საზოგადოებას ავტორიტარული მთავრობები ახშობენ: „ეს არის ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ”. თეთრი სახლის პრესმდივანს ბრიფინგზე ჰკითხეს მოსალოდნელი სანქციების შესახებ, რასაც უპასუხა, რომ სათქმელი არაფერი აქვს და ამის შესახებ უკვე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ასევე ნახეთ "ქართული ოცნების" ქმედებები რისკის ქვეშ აყენებს აშშ-საქართველოს ურთიერთობას - სახელმწიფო დეპარტამენტი 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე"(აგენტების კანონი) მისი ვეტო დაძლია. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა მისცა 66-მა დეპუტატმა, მხარდამჭერი არავინ ყოფილა. ამის შემდეგ კენჭი ეყარა ვეტომდე სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს, რომელსაც ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა ოთხის წინააღმდეგ. კანონის ძალაში შესასვლელად მას ხუთი დღის ვადაში ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს პრეზიდენტმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. „აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად 60 ...