შვედეთმა გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების მე-16 პაკეტი მილიარდ 160 მილიონი ევროს ოდენობით. ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია სტოკჰოლმიდან. მასში შედის შორი რადიოლოკაციის სადაზვერვო თვითმფრინავი ASC 890, რომელსაც სამიზნის აღმოჩენა შეუძლია 500 კილომეტრამდე რადიუსში. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, ASC 890-ს შეუძლია ფრთოსანი რაკეტების, თვითმფრინავების და სამიზნეების აღმოჩენა როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე და მას ექნება „ყველაზე დიდი გავლენა უკრაინის საჰაერო თავდაცვაზე“. საერთაშორისო სამხედრო საინფორმაციო წყაროები წერენ, რომ უკრაინას გადასცემენ ორ ასეთ თვითმფრინავს. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან სასწავლო და ტექნიკური აღჭურვილობით. შვედეთი ასევე უკრაინას გადასცემს ყველა თავის მუხლუხიან ჯავშანტრანსპორტიორ PVB 302-ს, 155 მმ-ის კალიბრის საარტილერიო ჭურვებს და AMRAAM-ის კლასის საშუალო რადიუსის საავიაციო რაკეტებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რაკეტები ადაპტირებულია სახმელეთო საზენიტო სარაკეტო სისტემებში გამოსაყენებლად. გარდა ამისა, მათ იყენებენ F-16 გამანადგურებლები, რომლებსაც უკრაინა ევროპის ქვეყნებიდან წლის ბოლომდე მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, კიევს მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და ავიაგამანადგურებლები. „დღეს ჩვენ გვაქვს დაახლოებით 25 პროცენტი იმისა, რაც გვჭირდება უკრაინის დასაცავად. მე ვლაპარაკობ საჰაერო თავდაცვაზე“, - თქვა ზელენსკიმ AFP-ისთვის ათი დღის წინ მიცემულ ინტერვიუში. მან დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება 120-130 ერთეული F-16 გამანადგურებელი ან სხვა თანამედროვე თვითმფრინავი რუსეთთან „საჰაერო თანასწორობის“ მისაღწევად. ...