თბილისში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ“. 24 მაისს ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორი ევრაზიის ინსტიტუტი და მისი ლიდერი გულბაათ რცხილაძე იყვნენ. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ისტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და აღნიშნეს, რომ რუსეთთან შეერთების გზით საქართველომ „გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე იმპერიამ“. ღონისძიებაზე წაიკითხეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსოფობიაზე, რომელშიც საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ ინიციირებულ „აგენტების კანონზე“. პროკრემლისტური ორგანიზაციის არგუმენტები „ქართული ოცნების“ პოზიციასთან თანხვედრაშია. „თუ განვიხილავთ „გამჭვირვალობის კანონს", არა მხოლოდ როგორც საკანონმდებლო აუცილებლობას, არამედ როგორც პოლიტიკური ტესტის გარკვეულ ფორმას, ნათელი ხდება დასავლეთის უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი სურვილის შესახებ, სრულად დაიქვემდებაროს საქართველო. ეს დასავლეთის გარკვეული წრეების დამოკიდებულება, რაღაც „გლობალური ომის პარტია“ კი არა, არამედ გლობალისტური დასავლეთის მმართველი ელიტის კონსოლიდირებული პოზიციაა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდება. საქართველო გეოპოლიტიკური თამაშის პაიკია“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც შეხვედრაზე გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა. რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გადადგას ნაბიჯები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ - ღიად და დაუფარავად“. „მოდით უარი ვთქვათ უტვინო, ირაციონალურ რუსოფობიაზე და გავერთიანდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით, რომელიც გამორიცხავს ეროვნებათშორის შუღლს. ეს არ არის პირველი, მაგრამ უკანასკნელი მსგავსი მოწოდებაა, მეტი დრო არ რჩება“, - ნათქვამია დოკუმენტში. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი გოგი გონგაძეც. „მე ჯარში ვმსახურობდი, როცა ჩვენი არმია პრაღაში შევიდა, ტელეცენტრის აღებაში ვმონაწილეობდი. არასდროს მინანია ეს, პირიქით ვამაყობ, ვინაიდან საბჭოთა არმიაში მე, როგორც ქართველი, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, ყველანი კარგად მექცეოდნენ, ქართველების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა იყო“, - მოჰყვა ის. გასულ თვეში, აპრილის ბოლოს, თბილისში, რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა კონფერენცია ჩაატარეს და განიხილეს თემა „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“. ...