30 მაისს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ უარყოფითად შეაფასა საქართველოში "უცხოეთის გავლენების მატარებელთა შესახებ" კანონის მიღება. “ჩვენ მართლაც უკმაყოფილონი ვართ ახალი კანონით. საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ გააგრძელებდა ევროპულ გზას, რაც ასევე გულისხმობს ევროპული ფასეულობების ერთიან გაგებას“, - თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის კითხვას, რამდენად განაპირობებს ამ კანონის მიღება ალიანსის წევრობის ასპირანტი სახელმწიფოს სტატუსის ჩამორთმევას საქართველოსთვის, ლიპავსკიმ ასე უპასუხა: „ჩვენ დავაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიას გაწევრიანების შესახებ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ხალხს აქვს ევროპული მისწრაფება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ უნდა შევინარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა.“ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 30 მაისს დაიწყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები და ელჩები ძირითადად ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგსა და რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელებენ. ...