გასული დღე-ღამის განმავლობაში, ხარკოვის რეგიონის ქალაქ ვოვჩანსკიდან (რუსები მას ვოლჩანსკს უწოდებენ. რედ.) ათზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ეთერში ("თავისუფლება.დილა") განაცხადა ხარკოვის რეგიონში უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა სერგეი ბოლვინოვმა. მისი თქმით, ყოველდღე თითქმის ამდენი ადამიანის გამოყვანას ახერხებს პოლიცია ფაქტობრივად ფრონტისპირა ქალაქიდან, რომელსაც რუსეთის არმია 10 მაისიდან ინტენსიურად ბომბავს. ასევე ნახეთ ხარკოვის შემდეგ რუსეთი ქალაქ სუმისაც შეუტევს? "ქალაქი ვოვჩანსკი სინამდვილეში ომის ზონაა. მთელი ქალაქი ვოვჩანსკი საშიშია პოლიციელთა მუშაობისთვის. ქალაქში მოქმედებენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც იგერიებენ მტრის შეტევას და ატარებენ საბრძოლო ოპერაციებს. პოლიციელები ამ დროისთვის ვოვჩანსკში ძალიან იშვიათად შედიან და ადამიანებს ქალაქის გარეუბანში ხვდებიან უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად“, - განაცხადა სერგეი ბოლვინოვმა. ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის თანახმად, ვოლჩანსკთან „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“ რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოვჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის დასაცავად სარეზერვო ძალები გაგზავნა. ...