არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სამომავლოდ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ჟურნალისტის შეკითხვას - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კანონი ევროსასამართლოში რომ გაასაჩივრონ და ევროსასამართლომ მისი შეჩერება მოითხოვოს, გაიზიარებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას? - კობახიძემ უპასუხა, რომ არ ჰგონია, ევროსასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. „ვიდრე ჩვენ დავაინიციირებდით ამ კანონპროექტს, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და მასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება რუსულ და უნგრეთის კანონებს, მათ შესახებ [ევროსასამართლოში] გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სხვა იყო და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიციირეთ ჩვენი კანონპროექტი“, - თქვა კობახიძემ. კანონის მოქმედების შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას, მან გაიხსენა „რუსთავი 2-ის" საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა და თავდაპირველად დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. „რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე, თავის დროზე, „რუსთავი 2-თან" მიმართებით პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა თავადვე სიღრმისეული განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ, სინამდვილეში, საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის" საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი“, - აღნიშნა პრემიერმა. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ „ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო“ და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, „რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში. მე არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს, გამომდინარე იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო „რუსთავი 2-ის" საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ“. ასევე ნახეთ NGO-ები ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ. ამავე დროს, ისინი ევროსასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადებ...