30 მაისს ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰის მცხოვრებნი ინტენსიურ საარტილერიო ცეცხლსა და სროლაზე იუწყებიან. ეს ინფორმაცია ვრცელდება ისრაელის განცხადების ფონზე, რომ მისმა ძალებმა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ეგვიპტესთან საზღვრის ახლოს, სტრატეგიული დერეფანი დაიკავეს. ისრაელის არმია რაფაჰში მაისის დასაწყისში შეიჭრა, მიუხედავად საერთაშორისო წინააღმდეგობისა და შეშფოთებისა იმ პალესტინელთა ბედზე, რომლებიც ამ ქალაქს აფარებენ თავს. გასული კვირის ბოლოს ისრაელის მხრიდან განხორციელებულმა დარტყმამ ხანძარი და ათობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია დევნილთა ბანაკში. ამას მოჰყვა ისრაელის ქმედებების კიდევ უფრო მკაცრი დაგმობა და სოციალურ მედიაში გაძლიერებული კამპანია ლოზუნგით: "All eyes on Rafah", "ყველა მზერა რაფაჰისკენ", რომელიც ათობით მილიონმა ადამიანმა გააზიარა. ისრაელი კვლავ აცხადებს, რომ გაანადგურებს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ჰამასს, რომელიც სამხრეთ ისრაელს გასული წლის 7 ოქტომბერს დაესხა თავს. ისრაელის წარმომადგენლები ოთხშაბათს აცხადებდნენ, რომ მათმა ძალებმა დაიკავეს 14 კილომეტრის სიგრძის დერეფანი ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე, რომელიც, ისრაელის ეჭვით, იარაღის შეტანისთვის გამოიყენებოდა. ეგვიპტე - რომელიც კონფლიქტის შუამავალია და უფრო და უფრო ხმამაღლა აკრიტიკებს ისრაელის მხრიდან წარმოებულ ომს - უარყოფს ბრალდებას, რომ ამ დერეფნის ქვეშ მდებარეობს გვირაბები და მათში იარაღი შეედინება. ღაზაში მიმდინარე ომს ბიძგი მისცა გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან სამხრეთ ისრაელზე მიტანილმა იერიშმა, რომელსაც ემსხვერპლა 1189 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები - ამ მონაცემს, ისრაელის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო AFP ავრცელებს. 252 ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათგან 121 კვლავ ღაზაში რჩება, 37 დაღუპულადაა გამოცხადებული. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო შეტევას ამ დრომდე ღაზაში ემსხვერპლა, სულ მცირე, 36 224 ადამიანი. ისრაელის ხელისუფლების მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ცაჩი ჰანეგბიმ, განაცხადა, რომ ომი, შესაძლოა, გაგრძელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. ასევე ნახეთ ნეთანიაჰუმ „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა რაფაჰზე დარტყმას, რომელსაც დევნილებში მსხვერპლი მოჰყვა ...