ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ჯერ ვერ ხედავს უკრაინაში ჩეხი სამხედრო მოსამსახურეების გაგაგზავნის შესაძლებლობას და ხაზს უსვამს, რომ ჩეხეთი უკვე აკეთებს ბევრს ომში მყოფი უკრაინისთვის. „არ ვფიქრობ, რომ ამ განხილვაში ასე შორს უნდა შევიდეთ. ჩვენ უკრაინას ვეხმარებით ყველა საშუალებით, იქნება ეს ჰუმანიტარული, პოლიტიკური, ფინანსური თუ სამხედრო სახის დახმარება“, - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს პრაღის მინისტერიალზე რადიო თავისუფლების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. „ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მართლა ბევრს ვაკეთებთ. ჩეხეთში ომისგან დაზარალებული ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილი იმყოფება. ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ პირველი ადგილი გვიჭირავს. თუ დააკვირდებით უკრაინიდან დევნილთა რაოდენობას, აქ დაახლოებით 400 000 ადამიანი იმყოფება. ჩვენ კი ათმილიონიანი ქვეყანა ვართ", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 30 მაისს დაიწყო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი, არაფორმალური შეხვედრა, რომელშიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების 29 საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს. ნატოს ინფორმაციით, ჩეხეთში არ ჩასულან მხოლოდ ბელგიის, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ეს ქვეყნები მინისტერიალზე ელჩებით არიან წარმოდგენილნი. პრაღის არაფორმალურ შეხვედრაზე ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგსა და რუსეთთან ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნის, უკრაინის, შემდგომ დახმარებაზე იმსჯელებენ. მინისტერიალზე, კერძოდ, მოისმენენ მასპინძელი ქვეყნის ინფორმაციას იმაზე, როგორ მიმდინარეობს უკრაინისათვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენა, რომლის ინიციატივაც ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს ეკუთვნის. ასევე ნახეთ WSJ: ჩეხეთი უკრაინისთვის ჭურვებს იძენს, მათ შორის - რუსეთის მოკავშირეებისგანაც ნატოს მინისტერიალზე აკრედიტებული უკრაინელი ჟურნალისტების ხელთარსებული ინფორმაციით, მოელიან, რომ ამ ჭურვების პირველ პარტიას, რამდენიმე ათეულ ათას ჭურვს, უკრაინა ივნისში მიიღებს. ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი და ჩეხეთი, ეწინააღმდეგებიან უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებას. ასევე ნახეთ „არა ომს და ტანკებს“- პრაღაში ნატოს მინისტერიალი საპროტესტო აქციის ფონზე იწყება პრაღის მინისტერიალი წარმოადგენს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრას ალიანსის მორიგი, 75-ე სამიტის წინ, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. კობა ლიკლიკაძე ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან. liklikadzek@rferl.org ...