ოდირის დასკვნაში წერია, რომ საქართველოში ახლადდამტკიცებული კანონი "გამჭვირვალობის შესახებ" სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რაც მას შეუთავსებელს ხდის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და ქვეყნის მიერ ეუთოს წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან. ოდირის დასკვნით, კანონი ხელისუფლებამ უკან უნდა გაიწვიოს. დასკვნის თანახმად, კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებად" მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო განსაზღვრავს, ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებების კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრ მოთხოვნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონი არ ემსახურება არც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში ასახულ ლეგიტიმურ მიზანს და არც განსაკუთრებულ აუცილებლობას წარმოადგენს: "ძლიერ ზეგავლენას ახდენს გაერთიანებისა და პირადი ცხოვრების უფლებებზე. ამასთან, ჯარიმების დაკისრება კიდევ უფრო გაამწვავებს ამ უფლებათა შელახვას". ODIHR-ის ანალიზი, ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან განსხვავებებს საქართველოში მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ იმ კანონმდებლობებს შორის, რომლებიც საქართველოს კანონის მაგალითებად მოჰქონდათ. "მაგალითად, შეერთებული შტატების უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ან ავსტრალიის უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტი ფუნდამენტურად განსხვავდება მკაფიო მიზანსა და მასშტაბში. ეს კანონები მიემართება იმ კერძო კომპანიების ან არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციის უზრუნველყოფას, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობისტურ ძალისხმევაში უცხო ქვეყნის მთავრობების სახელით, და [ეს კანონები] სამოქალაქო საზოგადოების თუ მედიის ყველა ორგანიზაციას არ ანიჭებს უცხოეთის წარმომადგენელთა იარლიყს მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამო", - ვკითხულობთ დასკვნაში. ODIHR საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს კანონი და გადადგას ნაბიჯები ქვეყნის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ნაკლებად აგრესიული ალტერნატივების მაგალითად დასკვნაში მოყანილია ლობისტური ქმედებების რეგულირება, პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მკაცრი წესები, და ანტიკორუფციული, თუ ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონი - რაც ხელს უწყობს უფრო ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს: "არსებობს რამდენიმე ვალდებულება, რომელთა დაკისრება შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე, და რომლებიც გამართლებულია ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან - მაგრამ [ამ შეზღუდვათა] კონკრეტული სამიზნე არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორი, და არ უნდა ჩაითვალოს, რომ სამოქალაქო სა...