აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში, რითაც ტრამპი იქცა აშშ-ის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა. მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საქმეზე, სანამ 30 მაისს განაჩენს გამოიტანდნენ. განაჩენის გამოტანისთვის მათ ერთხმად უნდა დაესკვნათ, რომ ტრამპმა - რომელიც მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია - თავისი კომპანიის დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემები შეიტანა ან სხვა პირს უბიძგა ამის გაკეთებისკენ, და რომ ის მოქმედებდა სხვა დანაშაულის ჩადენის ან დაფარვის განზრახვით. სასამართლო დაიწყო აპრილში, მოსამართლე ხუან მერჩანის ხელმძღვანელობით. მან სასჯელის განსაზღვრის დღედ 11 ივლისი დააწესა. საქმიანი მონაცემების გაყალბებისთვის მაქსიმალური სასჯელი ოთხწლიანი პატიმრობაა, თუმცა მოსამართლემ შესაძლოა შეუფარდოს ჯარიმა, პირობითი სასჯელი ან პატიმრობა. დამნაშავედ ცნობის მიუხედავად, ტრამპს არ ეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა ან თანამდებობის დაკავება, თუკი ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამარცხებას შეძლებს. გავრცელებული მოლოდინით, რესპუბლიკური პარტია მას კვლავაც დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად ივლისში - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სასჯელის ზომას შეუფარდებენ. ვერდიქტზე პასუხად, ტრამპმა განაცხადა, რომ "ძალიან უდანაშაულო კაცია" და რომ "ჭეშმარიტ ვერდიქტს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს". ტრამპს ბრალი გასული წლის მარტში წაუყენეს და ის უკავშირდებოდა 130 000 დოლარს, რომელიც მისმა მაშინდელმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა გაჩუმების მიზნით გადაუხადა პორნოგრაფიული ჟანრის ფილმების მსახიობ ქალს, სტორმი დენიელსს. სტორმი დენიელსი აცხადებდა, რომ ტრამპთან სექსუალური კავშირი ჰქონდა 2006 წელს. ტრამპს ბრალად ედებოდა კოენის მიერ გადახდილი თანხის ფალსიფიცირებული რეგისტრირება იურიდიულ გადასახადად, რათა დამალულიყო ის, რომ თანხა პირის გაჩუმებისთვის გადაიხადეს. ასევე ნახეთ 27 ივნისს გაიმართება ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის დებატები ...