ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 31 მაისს თქვა, რომ სამხედრო ალიანსმა უნდა გააფართოოს თავისი როლი რუსეთის ძალებთან მებრძოლი უკრაინის დახმარების საქმეში და მოსკოვს მკაფიოდ აჩვენოს, რომ კიევის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ იქნება ამის საჭიროება. "საჭიროა მოსკოვს ესმოდეს, რომ ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი პროცესისთვის უკრაინის მხარდასაჭერად", - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს პრაღაში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღეს. პრაღაში მიმდინარე შეხვედრაზე - რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც მონაწილეობს - განიხილავენ უკრაინის დახმარების პაკეტს, რომელსაც ივლისში ვაშინგტონის ნატოს სამიტზე წარმოადგენენ. მინისტრების შეხვედრაზე მოლაპარაკების საგანია სტოლტენბერგის მიერ აპრილში წარმოდგენილი გეგმა ჩარჩოზე, რომლითაც უკრაინის სამხედრო და სამოქალაქო საჭიროებებისთვის დახმარების მიწოდება აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი არაფორმალური ჯგუფიდან ალიანსის ოფიციალურ სტრუქტურებს უნდა გადაეცეს. ამ ეტაპზე ნატო კიევს ოფიციალურად არ სთავაზობს მომაკვდინებელი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას. ნატოს წევრი ქვეყნები ინდივიდუალურად გზავნიან დახმარებას უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის გავლით, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედებს და რომელსაც არაოფიციალურად რამშტაინის ჯგუფის სახელითაც იცნობენ. ასევე ნახეთ მედია: ბაიდენმა უკრაინას ნაწილობრივ მოუხსნა აკრძალვა აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ...