დეპუტატებსა და მერიის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ჩაიშალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც საკრებულოს თანამდებობის პირების იმპიჩმენტის საკითხი უნდა განხილულიყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი გოგოხიამ საზოგადოებას „აგენტების კანონის“ მიღება მიულოცა. „გილოცავთ ყველას ქართული კანონის მიღებას”, - თქვა მან, როგორც კი დარბაზში შევიდა. მის ამ ფრაზას შეძახილებით შეხვდნენ და გააპროტესტეს დარბაზში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. 31 მაისი, 2024 წელი დარბაზში ზუგდიდის მერიის სამსახურებისა და ააიპ-ების უჩვეულოდ ბევრი თანამშრომელი იმყოფებოდა. სხდომაზე მივიდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერიაც. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ექსპრემიერ გახარიას პარტიის წევრია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ამის გამო, სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე დარბაზი დატოვა გვარამია-მელიას მოძრაობა „ახლის“ 14-მა წევრმა. ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე განთავსებულ მონიტორზე აქტივისტებმა გამოაქვეყნეს ფრაზა: „არა რუსულ რეჟიმს“. დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომას, ისევე როგორც წინა ექვს სხდომას, არ დასწრებია „ნაციონალური მოძრაობის” რვა წევრი. საკრებულოს უნდა განეხილა თანამდებობის პირების გადაყენების შესახებ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წერილობითი მოთხოვნა. 45-წევრიან საკრებულოში, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციაა, თანამდებობები გადანაწილებულია ექსპრემიერ გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ სამ და გვარამია-მელიას მოძრაობა „ახლის“ 14 წევრს შორის. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ”, რომელსაც თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის საკმარისი მანდატი არ აქვს, გარიგება დადო ენმ-ის დეპუტატებთან. ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ევროკავშირის დროშა გაშალეს. „საქართველოსთვის” და „ახლის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ოცნებამ” სხდომა მიზანმიმართულად ჩაშალა, რადგან ენმ-ის წევრები არ გამოცხადდნენ და იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ამით ახსნეს მათ მმართველი გუნდის მხარდამჭერების და მერიის თანამშრომლების სიმრავლეც. „ქართული ოცნება” ამ ბრალდებას უარყოფს. ისინი ირწმუნებიან, რომ სხდომა ჩაიშალა, რადგან დარბაზი დატოვა დეპუტატების ნაწილმა. ზუგდიდის 45-წევრიან საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის 23 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარების გარეშე ამას ვერ მოახერხებენ „ქართული ოცნების“ 18 და „ხალხის ძალის“ ორი დეპუტატი. პარტიის „საქართველოსთვის“ და ...