ნატოს ვაშინგტონის სამიტზე ალიანსის წვერები უკრაინის გაწევრიანებისათვის „საიმედო ხიდს“ შეიმუშავებენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრაღაში ნატოს არაფორმალური მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ნატოს სამიტზე ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რათა უკრაინა ალიანსს დაუახლოვდეს. შევეცდებით უზრუნველვყოთ წევრობასთან დამაკავშირებელი ხიდი, ძლიერი და კარგად განათებული", - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცა. "ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინამ არაერთხელ მოგვმართა და იმ იარაღის გამოყენების ნებართვა ითხოვა, რომელსაც ჩვენ ამ აგრესიისგან დასაცავად ვაძლევთ, მათ შორის რუსეთის იმ სამხედრო ნაწილებისგან თავის დასაცავად, რომლებიც მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიაზე არიან თავმოყრილი და თავს ესხმიან უკრაინას. ეს არის პრეზიდენტის უფლება და, როგორც მოისმინეთ, მან დაადასტურა ჩვენი [მიცემული] იარაღის ამ მიზნებისათვის გამოყენება", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 31 მაისს პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამჟამად უკრაინას შეიარაღებაში აქვს ამერიკის მიერ მიწოდებული ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ები. ასევე ნახეთ ATACAMS-ი უკრაინაში - რას შეცვლის ფრონტზე ეს რაკეტები? ...