საფრანგეთში, შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ჩეჩნეთის 18 წლის მკვიდრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიადის დროს ტერაქტის მომზადებაში. ეჭვმიტანილის დაკავება 22 მაისს მოხდა, პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტი მას სენტ-ეტიენში, ფეხბურთის მატჩების დროს უნდა მოეწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მომავალი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში ჩატარებული მატჩების დროს თავდასხმას "ჟოფრა-გიშარდის" სტადიონზე ამზადებდა. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილი “აქტიურად ემზადებოდა "თავდასხმისთვის" როგორც მაყურებელზე, ასევე პოლიციაზე", რის შედეგადაც "მოწამებრივად დაასრულებდა სიცოცხლეს". ეს არის 2024 წლის ოლიმპიადაზე ჩაფიქრებული პირველი თავდასხმა, რომელიც სპეცსამსახურებმა აღკვეთეს. ტელეკომპანია BFM საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი სახლში დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს "დანაშაულებრივი ტერორისტული საზოგადოების ორგანიზებაში, ადამიანის სიცოცხლისათვის საზიანო დანაშაულის მომზადებაში". თავად დაკავებული უარყოფს, რომ თავდასხმას ამზადებდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის პოლიციამ რადიკალიზაციაში ეჭვმიტანილი ჩეჩნური დიასპორის ათამდე წარმომადგენელი დააკავა. უსაფრთხოების ძალებმა მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის რეიმსში, სტრასბურგსა და ტულუზაში. პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრ ზომებს იღებენ მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით, რომელსაც წელს პარიზი მასპინძლობს. საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება ასევე პარაოლიმპიური თამაშებიც. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ორივე ღონისძიება მილიონობით სტუმარს მიიზიდავს საფრანგეთში. ასევე ნახეთ მაკრონი: პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შესაძლოა აღარ ჩატარდეს მდინარე სენაზე ასევე ნახეთ რას სთავაზობს კრემლი საერთაშორისო ტურნირებიდან გარიყულ რუს სპორტსმენებს? ...