მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ფეისბუკის პირად გვერდზე 31 მაისს გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც ახლავს ვიდეო. კადრები ასახავს, როგორ ტოვებენ შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლების ოფისებსა თუ საცხოვრებელ სახლებთან ადამიანები, რომელთა სახე დაფარულია. ღამის საათებში გადაღებულ ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს შენობებს, ისმის გინება. არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე დიმიტრი სამხარაძის ფეისბუკპოსტში ხედავს მტკიცებულებას, რომ თანდართულ ვიდეოში ასახული მოქმედებების უკან, მმართველი პარტიის დეპუტატი დგას. დიმიტრი სამხარაძე პოსტში წერს: „ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე! არასამთავრობოები: 1) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2) „თბილისი პრაიდი“ 3) „საფარი“ 4) მოძრაობა „ნაბიჯი“ 5) მოძრაობა „სირცხვილია“ 6) „სასამართლოს გუშაგი“ 7) „მთის ამბები“ 8 „სტუდია მონიტორი“ 9) მოძრაობა „ტალღა“ 10) „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი) 11) „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 12) „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ბათუმი 13) „მწვანე სექტორი“ - ბათუმი პარტიები: 1) „ლელო საქართველოსთვის“ 2) „გირჩი-მეტი თავისუფლება“ 3) „გირჩი - დროა“ 4) „ლელო საქართველო“ - ახალგაზრდული 5) „ნაციონალური მოძრაობა“ - ცენტრალური 6) „ახალი“ - გვარამია მელია 7) „ენმ“ - ბათუმი 8 „ლელო“ - ბათუმი 9) „ახალი“ - ბათუმი მცდელობის მიუხედავად რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო დიმიტრი სამხარაძესთან დაკავშირება, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ჩვენთვის ცნობილ ორ ნომერზე. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფეისბუკპოსტი საკმარისი საბაბია გამოძიების დასაწყებად: „ეს არის...