ირანში 28 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპისთვის რეგისტრირებულია ცხრა კანდიდატი - მათ შორის მკაცრი კონსერვატორი ფიგურა და ზომიერი შეხედულებების პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს აეკრძალა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა. რეგისტრაციის ხუთდღიანი პერიოდი 30 მაისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდება. კანდიდატთა საბოლოო სია - რომელიც კონსერვატორთა ხელმძღვანელობით მოქმედმა ზედამხედველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს - გამოქვეყნდება 11 ივნისს. ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება გამოიწვია 19 მაისს მომხდარმა ვერტმფრენის კატასტროფამ, რომელსაც შეეწირა პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, კიდევ შვიდ პირთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 30 მაისს რეგისტრაცია გაიარა ბირთვულ საკითხებში ირანის ყოფილმა წარმომადგენელმა, საედ ჯალილიმ - მკაცრმა კონსერვატორმა, რომელიც დაახლოებული პირია უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, არის ალი ლარიჯანი - ყოფილი პარლამენტის სპიკერი და ბირთვულ საკითხებში ქვეყნის წარმომადგენელი, ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს ზედამხედველთა საბჭომ არ მისცა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება. ასევე ნახეთ ვინ იყო და რას ცვლის პრეზიდენტ რაისის სიკვდილი ირანის პოლიტიკაში ...