ისრაელის ძალები 1 ივნისს ტანკებით და არტილერიით ბომბავენ ღაზის სამხრეთში განთავსებულ ქალაქ რაფაჰს - რამდენიმე საათში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელი გამოდის ახალი საგზაო რუკის წინადადებით ცეცხლის სრულად შეწყვეტის მიზნით. ბაიდენის განცხადებიდან მალევე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მისი ქვეყანა ომს გააგრძელებს მიზნების მიღწევამდე. ნეთანიაჰუს თქმით, არ შეცვლილა ომის დასრულებისთვის ისრაელის მიერ წამოყენებული პირობები - მათ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის სამხედრო და მმართველი შესაძლებლობების განადგურება და ყველა მძევლის გათავისუფლება. ასევე ნახეთ ბაიდენის თქმით, ჰამასს "აღარ აქვს შესაძლებლობა" მასშტაბური თავდასხმა განახორციელოს ისრაელზე ჰამასი აცხადებს, რომ "პოზიტიურად განიხილავს" ბაიდენის მიერ წარმოდგენილ გეგმას. ღაზაში მიმდინარე ომს ბიძგი მისცა გასული წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მხრიდან სამხრეთ ისრაელზე მიტანილმა იერიშმა, რომელსაც ემსხვერპლა 1189 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები - ამ მონაცემს, ისრაელის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, სააგენტო AFP ავრცელებს. 252 ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათგან 121 კვლავ ღაზაში რჩება, 37 დაღუპულადაა გამოცხადებული. ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის საპასუხო შეტევას ამ დრომდე ღაზაში ემსხვერპლა 36 200-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის ხელისუფლების მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ცაჩი ჰანეგბიმ, განაცხადა, რომ ომი, შესაძლოა, გაგრძელდეს მიმდინარე წლის ბოლომდე. ...