პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას კახეთის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ესწრებოდა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თელავში ჩასვლამდე, კალანდაძე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად იდგა, ღარიბაშვილის ჩასვლის შემდეგ კი, პარტიის მხარდამჭერებთან ერთად იმ დარბაზში შევიდა, სადაც შეხვედრა გაიმართა. „პარტიული შეხვედრაა და ვიცავ საზოგადოებრივ წესრიგს“, - ასე უპასუხა კალანდაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ იმყოფებოდა პოლიციის მაღალჩინოსანი პარტიულ შეხვედრაზე. თეიმურაზ კალანდაძეს, უნიფორმის ნაცვლად, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2 ივნისს თელავში შეხვდა კახეთის ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიის მხარდამჭერებს. ...