1 ივნისს ისრაელის ლიდერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მზარდი ზეწოლის ქვეშ მოექცა - მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წარმოადგინა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმება. ისრაელის ბევრი მოქალაქე ნეთანიაჰუს შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს, მაგრამ მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეები იმუქრებიან, რომ თუ პრემიერ-მინისტრი გეგმას დათანხმდება, ისინი მთავრობის კოლაფსს გამოიწვევენ. ღაზაში ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას ნეთანიაჰუმ არარეალისტური უწოდა მანამ, სანამ დაკმაყოფილდება ომის დასრულებისთვის განსაზღვრული პირობები - რითაც თითქოს ეჭვქვეშ დააყენა შეთანხმება, რომელიც ბაიდენმა ისრაელის მიერ შემუშავებულად წარმოადგინა. 1 ივნისს ისრაელში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების ოჯახების წევრები - დემონსტრანტები მთავრობას დაუყოვნებელი მოქმედებისკენ მოუწოდებდნენ. აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის შუამავლები ზეწოლას ახორციელებენ ისრაელსა და ჰამასზე - შუამავლები აცხადებენ, რომ წარმოდგენილი შეთანხმება ითვალისწინებს "საგზაო რუკას ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის და კრიზისის დასრულებისთვის", და მყისიერ შვებას სთავაზობს როგორ მძევლებს, ისე ღაზის მცხოვრებთ. მაგრამ ულტრამემარჯვენე ფიგურები - ფინანსთა მინისტრი, ბეზალელ სმოტრიჩი და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, იტამარ ბენ გვირი - ამბობენ, რომ მთავრობას დაშლიან, თუ პრემიერ-მინისტრი შეთანხმებას დათანხმდება, რითაც ნეთანიაჰუ შესაძლოა აღმოჩნდეს ახალი არჩევნების საჭიროების წინაშე. ასევე ნახეთ ისრაელი ღაზას ბომბავს მას მერეც, რაც ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარმოადგინა ...