წინასწარი მონაცემებით, სერბეთის მმართველი "პროგრესული პარტია" (SNS) იმარჯვებს დედაქალაქ ბელგრადსა და სხვაგან გამართულ ხელახალ ადგილობრივ არჩევნებში. ოპოზიციის თანახმად, არჩევნებმა 2 ივნისს დარღვევებით ჩაიარა, რის გამოც პოლიტიკური ვითარება დაძაბული რჩება ბალკანეთის ამ სახელმწიფოში, რომლის მოსახლეობა 7,1 მილიონია. ბელგრადში ბიულეტენების 51 პროცენტის დათვლის შემდეგ, ანალიტიკური კომპანია CeSID ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია - რომელსაც პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უდგას სათავეში - ხმათა 53 პროცენტით ლიდერობს. მას ხმების 17,2 პროცენტით მოჰყვება მთავარი მეტოქე, მემარჯვენე-ცენტრისტული Kreni-Promeni (მოძრაობა-ცვლილება), რომლის ლიდერია სავო მანოილოვიჩი. "ეს არის... საოცარი გამარჯვება", - თქვა ვუჩიჩმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მისმა პარტიამ, შესაძლოა, უმრავლესობა მოიპოვოს ბელგრადის 110-ადგილიან საბჭოში, ისევე როგორც ჩრდილოეთის ქალაქ ნოვი-სადში. თუმცა მანოილოვიჩი და მისი კოალიცია შედეგების აღიარებას არ აპირებენ. "ეს იყო ყველაზე მეტი დარღვევის მქონე არჩევნები", - უთხრა მანოილოვიჩმა მომხრეებს 2 ივნისს, გვიან საღამოს. 2 ივნისს არჩევნები გაიმართა ამომრჩევლის ნაკლები აქტივობით, ვიდრე 2023 წლის არჩევნებზე. ეს იყო იმ ფონზე, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილმა გადაწყვიტა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღო, რადგან, მათი შეფასებით, დაკმაყოფილებული არ იყო დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო პირობები. ოპოზიციური კოალიციები, "სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ" და NADA ("იმედი"), მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას ბრალს სდებდნენ ხმების ქურდობაში 2023 წლის 17 დეკემბრის არჩევნებზე, რომელზეც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ბევრი დარღვევა გამოავლინეს. დეკემბრის კენჭისყრის შედეგად SNS-მა ბელგრადის ქალაქის საბჭოში 49 მანდატი მოიპოვა, მაგრამ მუნიციპალური მთავრობის ჩამოყალიბება ვერ შეძლო - რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე ხელახალი არჩევნები დაინიშნა. სერბეთის ხელისუფლება უარყოფდა სერიოზულ დარღვევებს. ასევე ნახეთ სერბეთის პრეზიდენტმა იდუმალებით მოცული პოსტი გამოაქვეყნა ...