„დიდი შვიდეული“(G7) სრულად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, გაზრდილი ჰუმანიტარული დახმარებით ღაზის მთელი ტერიტორიის მოცვას და კრიზისის საბოლოოდ დასრულებას ისრაელის უსაფრთხოების ინტერესების დაცვით და ღაზის სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით. ერთობლივი განცხადება 3 ივნისს გამოაქვეყნა „დიდი შვიდეულის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, იტალიის წარმომადგენლობამ. გაერთიანების წევრი სახელმწიფოების: კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების და იაპონიის ლიდერები ადასტურებენ, რომ მხარს უჭერენ მდგრადი მშვიდობის მიღწევას ორი სახელმწიფოს(ისრაელის და პალესტინის) თანაარსებობის საფუძველზე. G7-ის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ისრაელი მზად არის ბაიდენის გეგმით ნაბიჯების გადასადგმელად და ჰამასს მოუწოდებენ, მიიღოს ეს სამშვიდობო გეგმა. „დიდი შვიდეული“ ჰამასზე გავლენის მქონე ქვეყნებს მიმართავს, დაარწმუნონ ამ ნაბიჯის აუცილებლობაში. ასევე ნახეთ ისრაელმა დაადასტურა კიდევ ოთხი მძევლის სიკვდილი 1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს სამეტაპიანი გეგმა ღაზაში ომის დასასრულებლად და მძევლების გასათავისუფლებლად. პირველი ფაზა ითვალისწინებს ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის არმიის ქვედანაყოფების გასვლას, ჰამასის მძევლობიდან ქალების, მოხუცების და დაჭრილების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი ასეულობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზის რაიონებში სამოქალაქო მოსახლეობის დაბრუნებას, ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას და შეერთებული შტატების და კატარის შუამავლობით ისრაელის და ჰამასის მოლაპარაკების გაგრძელებას. მეორე ფაზა მოიცავს ყველა დარჩენილი მძევლის, მათ შორის ისრაელის არმიის სამხედროების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის მთელი ტერიტორიიდან ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას და საბრძოლო მოქმედებების საბოლოოდ შეწყვეტას. მესამე ფაზა ითვალისწინებს დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებას და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმის ამოქმედებას. ასევე ნახეთ ღაზაზე ბაიდენის გეგმა "არ არის კარგი შეთანხმება", მაგრამ ისრაელი მას დათანხმდება - ნეთანიაჰუს მრჩეველი 2023 წლის 7 ოქტომბერს, პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა. შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთი...