რუსეთში შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრან ცნობილი მუსიკოსის, ჯგუფ „მაშინა ვრემენის“ დამფუძნებლის, ანდრეი მაკარევიჩის წინააღმდეგ. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ დღეს, 4 ივნისს წერს, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მაკარევიჩის მიმართ დაიწყო „წინასაგამოძიებო შემოწმება“. ეს პროცედურა ითვალისწინებს მომჩივნის განცხადების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე იმის დადგენას, არსებობს თუ არა „დანაშაულის ნიშნები“. მათი „დადგენის“ შემთხვევაში, მუსიკოსის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება „ექსტრემისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით“, რომელიც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ანდრეი მაკარევიჩს, რომელმაც არაერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის შეჭრა, საგამოძიებო კომიტეტსა და გენერალურ პროკურატურაში უჩივლა საზოგადოებრივი მოძრაობის, „რუსეთის ვეტერანების“ ხელმძღვანელმა ვადიმ მირონენკომ მას შემდეგ, რაც მაისის შუა რიცხვებში, „ვოვანის“ და „ლექსუსის“ სახელებით ცნობილმა რუსმა პრანკერებმა ინტერნეტით გაავრცელეს მაკარევიჩთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. მუსიკოსს თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაურეკა და ამ საუბრისას ანდრეი მაკარევიჩმა უკრაინისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა. ანდრეი მაკარევიჩმა რუსეთი დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. 2022 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ მუსიკოსი „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში შეიყვანა. ასევე ნახეთ რუსეთის სასამართლომ ბორის აკუნინი დაუსწრებლად დააპატიმრა ...