აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა გამოცადეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Minuteman III, რომელიც არ იყო აღჭურვილი ქობინით. გაშვება მოხდა 4 ივნისს დილით, კალიფორნიაში, ვანდენბერგის პოლიგონიდან. ამის შესახებ სამხედრო ბაზის პრესსამსახურში განაცხადეს. ცნობაში დღევანდელ გამოცდას უწოდებენ რუტინული ძალისხმევის ნაწილს, რომლის მიზანია აჩვენოს, რომ აშშ-ის ბირთვული შემაკავებელი საშუალებები „უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანია XXI საუკუნის საფრთხეების შესაჩერებლად“ და ვაშინგტონის მოკავშირეების დასამშვიდებლად. ვანდენბერგის ბაზის პრესსამსახურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცდა არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო მოვლენებთან. აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობამ მაისის ბოლოს გამოაცხადა, რომ დაგეგმილია საკონტინენტთაშორისო რაკეტა Minuteman III-ის ორი გაშვება. მეორე გამოცდა 6 ივნისისთვის არის დანიშნული. შეერთებულმა შტატებმა არსებული ორმხრივი შეთანხმებების შესაბამისად შეატყობინა რუსეთის მთავრობას რაკეტების გამოცდის შესახებ. Minuteman III არის მყარ საწვავზე მომუშავე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის დიაპაზონი დაახლოებით ცხრა-ნახევარი ათასი კილომეტრია. ის შეერთებულ შტატებს 1970 წლიდან აქვს შეიარაღებაში. უკანასკნელი გამოცდა შარშან შემოდგომაზე ჩატარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მაისში განაცხადა, რომ კრასნოდარის მხარეში ტაქტიკური ბირთვული იარაღით წვრთნებს ჩაატარებს. უწყებამ მანევრებს უწოდა პასუხი „დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციულ განცხადებებსა და მუქარაზე“. ...