Associated Press-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე იერიშებისთვის. სააგენტო იმოწმებს დასავლელ ანონიმ მოხელეს, რომლის თქმით, დარტყმები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეცვალა პოლიტიკა ამერიკული იარაღის გამოყენების მიმართ. სააგენტო არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი სამიზნეები გაანადგურეს უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკული იარაღით. ასევე ნახეთ მოსკოვი იმუქრება. რატომ აშინებს რუსეთს დასავლეთის ახალი გადაწყვეტილება? გასულ კვირაში უკრაინის ძირითადმა მოკავშირეებმა, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენონ რუსეთის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებში. კერძოდ, საქმე ეხებოდა რუსეთის ჯარებზე დარტყმების შესაძლებლობას ბელგოროდის რეგიონში. ლაპარაკია ჯარებზე, რომლებიც ხარკოვის ოლქს უტევენ ან ემზადებიან ასეთი შეტევისთვის. ამასთან, აშშ უკრაინას კვლავაც უკრძალავს შეტევას ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ით, რომელსაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვს. უკანასკნელ დღეებში იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის სამხედროებმა, როგორც ჩანს, დარტყმა განახორციელეს S-300/400 სარაკეტო სისტემაზე, რომელიც ბელგოროდის ოლქში იყო განლაგებული. ზოგიერთი მონაცემით, საამისოდ გამოყენებულ იქნა ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS. ...