რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს ორი ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის ცნობითვე, გასული ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ გამოიყენა 18 დრონიც. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 17 დრონი ჩამოაგდეს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოუგერიებელი უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ნიკოპოლში მიკროავტობუსს მოხვდა. დაშავდა ოთხი მგზავრი. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობითვე, ნიკოპოლზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაზიანებულია ერთი მრავალბინიანი და სამი კერძო სახლი, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. 19 უკრაინული დრონის და ერთი რაკეტის განადგურების შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ 6 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ყირიმის თავზე მოიგერიეს 13 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ბელგოროდის ოლქში - ექვსი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, როსტოვის ოლქში გაანადგურეს გემსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“. არაფერია ნათქვამი როსტოვის ოლქზე დრონებით შეტევაზე, რის შესახებაც გამთენიისას იუწყებოდა რუსეთის ამ რეგიონის გუბერნატორი. ასევე ნახეთ დრონებით მორიგი შეტევა იყო როსტოვის ოლქის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ...