დღეს, 6 ივნისს, დაიწყო ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 9 ივნისს დასრულდება. ევროკავშირის პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდის სამეფოა. ამ ქვეყნის მოქალაქეები ევროპარლამენტში თავიანთ წარმომადგენლებს დღეს ირჩევენ. ხვალ, 7 ივნისს, კენჭისყრა ჩატარდება ირლანდიაში, 8 ივნისს კი - ჩეხეთში, სლოვაკეთში, მალტასა და ლატვიაში. ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებში არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მოქალაქეები ევროპარლამენტის 720 დეპუტატს აირჩევენ თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. ყველაზე მეტ, 96 დეპუტატს, გერმანიიდან აირჩევენ, ყველაზე ნაკლებს, 6-6-ს - კვიპროსიდან, მალტიდან და ლუქსემბურგიდან. три ევროკავშირის სახელმწიფოებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 370 მილიონი ამომრჩეველია. წინასწარი პროგნოზით, მემარჯვენე პოპულისტები, ევროსკეპტიკოსები და ნაციონალისტები პოზიციებს გაიუმჯობესებენ, თუმცა უმრავლესობას ვერ მოიპოვებენ. არჩევნების წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მეტ ხმას ისევ მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფში შემავალი პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ. ამ გამოკითხვებით, მეორე ადგილზე იყო „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი". ასევე ნახეთ ყველაფერი, რაც ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ უნდა იცოდეთ ...