გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია, ამასთან, ადგილზე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან სპეციალისტები. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივნისს, 08:35 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით განხორციელდა დევდორაკ-ამალის ხეობის დათვალიერება და მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება. პირველადი შეფასებით დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მყინვარშიდა შეგუბებებს და გროტში დაგროვილი წყლების პერიოდულ გამოხეთქვებს, რასაც მოჰყვა ტალღების წარმოქმნა. წყლის მაქსიმალურმა დონემ 4.50 მ-მდე მიაღწია, ხოლო სასიგნალო ზღვარი მდ. დევდორაკზე 2 მეტრს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მდ. დევდორაკ-ამალისა და თერგის შეერთების უბანზე, გამოზიდვის კონუსში მოხდა მდ. თერგის ხანმოკლე შეგუბება, რამაც მოახდინა მდ. თერგის კალაპოტის შევიწროება და წყლის დონის მკვეთრი აწევა, თუმცა ტბის ჩამოყალიბებას და ხეობის გადაკეტვას ადგილი არ ჰქონია", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. სააგენტოს ცნობითვე, ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგებით, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი. "მსგავსი განგაშის სისტემის ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის უმოკლეს ვადებში შეზღუდვა“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 5 ივნისის დილით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტიდან „დარიალი“ დროებით გაიყვანეს საქართველოს საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც გამშვებ პუნქტზე არიან დასაქმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებული ევაკუაცია საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, 08:36 საათზე მიიღეს სასიგნალო შეტყობინება. ასევე ნახეთ „დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა ...