რუსეთში კინოგაქირავების ნებართვები გაიცემა მხოლოდ იმ ფილმებზე, რომლებიც გაივლიან შემოწმებას რუსეთის "ტრადიციულ" ღირებულებებთან შესაბამისობაზე - კანონმდებლობაში ამ შინაარსის შესწორებებზე რუსეთის კულტურის სამინისტრო სახელმწიფო სათათბიროს კულტურის კომიტეტთან, ფედერაციის საბჭოსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მუშაობს. ინიციატივის შესახებ განცხადება გააკეთა კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფის და ციფრული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა დმიტრი დავიდენკომ. იმ ფილმის მაგალითად, რომელიც ნებართვას ვერ მიიღებს, დავიდენკომ მოიტანა დოკუმენტური სურათი "სკოპინელი მანიაკის" შესახებ, რომელიც, მისი თქმით, "ცნობილმა კინემატოგრაფისტებმა" გადაიღეს. ესაა ისტორია რეალური კაცისა, ვიქტორ მოხოვის, რომელმაც 14 და 17 წლის გოგონები მოიტაცა, ოთხი წლის განმავლობაში სარდაფში ამყოფებდა და მსხვერპლებზე სექსუალურად ძალადობდა. მოხოვმა ციხეში 17 წელი დაყო და 2021 წელს გათავისუფლდა პატიმრობიდან. დავიდენკოს თქმით, კანონმდებლობაში შესწორებების შეტანა აუცილებელია, რათა "არ იყოს დაშვებული ასეთი შინაარსის გავრცელება ან, კიდევ უკეთესი, ასეთი რამ არ გადაიღონ". "ეს არის ის ზღვარი, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება. არის არაჯანმრთელი კაცი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, ის 17 წელი იყო ციხეში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის შესახებ სერიალის გადაღებაა საჭირო", - თქვა მან და დოკუმენტურ ფილმს უწოდა "დანაშაულის პოპულარიზაციის" საშუალება. კარგი ფილმის მაგალითად დავიდენკომ დაასახელა სურათები, რომლებშიც გმირი "სამხედრო ადამიანია". 2023 წელს რუსეთის კულტურის სამინისტრომ გაქირავების ნებართვა ჩამოართვა კომერციულად ყველაზე მომგებიან სურათს იაკუტიიდან "აიტა", "როსკომნადზორი" კი მოითხოვდა ფილმის ჩვენებისგან თავი შეეკავებინათ ონლაინ კინოთეატრებს, მისი თქმით, ფილმში რუსების დისკრიმინაციის გამო. სახელმწიფო სტრუქტურებმა ამ ფილმში დაინახეს "დესტრუქციული ინფორმაცია, რომელიც ეწინააღმდეგება რუსეთის ხალხების ერთიანობას". პრეზიდენტის საბჭოში "აიტას" უწოდეს "ნაციონალიზმის მაგალითი". პარალელურად, იაკუტიის ხელმძღვანელმა, მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენელმა აისენ ნიკოლაევმა დაიცვა კინემატოგრაფისტი სტეპან ბურნაშევი და კიდევ სხვა იაკუტიელი რეჟისორი, დმიტრი შადრინი, რომელთა ნამუშევრებსაც გაქირავებაში არ უშვებდნენ - ოფიციალური ვერსიით, "ლგბტ პროპაგანდის" გამო. ნიკოლაევის თქმით, ადგილობრივმა კინორეჟისორებმა "არ შეიძლება გადაიღონ ფილმები ნაციონალიზმზე და არატრადიციულ ღირებულებებზე". ფილმი "აიტა" გაქირავებაში გავიდა შარშან, მარტში და მოიპოვა 26 მი...