აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის (D-Day) 80-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, მსმენელებს მსოფლიოში დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. "დემოკრატია იწყება თითოეული ჩვენგანით. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ამერიკულ დემოკრატიაზე, ხშირად ვახსენებთ მაღალ იდეალებს, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა. მაგრამ ჩვენ საკმარისად არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად რთულია დემოკრატიის დაცვა", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა ასევე გაიხსენა, რომ საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროებზე „ამერიკის ყველა კუთხიდან ჩასულმა რიგითმა ამერიკელებმა“ სიცოცხლე გაიღეს მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. ასევე ნახეთ ბაიდენი: "ჩვენ უკრაინას ზურგს არ შევაქცევთ" აშშ-ის პრეზიდენტმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ დანებდება რუსეთის აგრესიას. მან პარალელი მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიისგან ევროპის გასათავისუფლებლად მოკავშირეთა ბრძოლასთან გაავლო. აშშ და ნატო უკრაინას "ზურგს არ შეაქცევენ" და არ მიატოვებენ, თქვა ბაიდენმა 6 ივნისს ნორმანდიაში. ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს დაჰყოფს - დაესწრება ნორმანდიაში დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს, გამოვა სიტყვით და ოფიციალურ სახელმწიფო შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა. ...