უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. კურსკის ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირონვის მიერ ტელეგრამ-არხზე დღეს, 10 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ლიკვიდირებული და გაუვნებელყოფილია“ 8 უკრაინული დრონი. სმირნოვის თანახმად, ქალაქ სუჯაში და დაბა კორენოვოში დაზიანებულია ორი ადმინისტრაციული შენობა, არავინ დაშავებულა. უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიების შესახებ იუწყება ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია. დღეს დილით, რუსეთის იაროსლავის ოლქში დაკეტეს როსტოვისკენ მიმავალი ფედერალური ავტომაგისტრალი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა „ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის აღსაკვეთად“ აუცილებელი ზომები. დილის 8 საათისთვის ავიარეისების მიღება და გაგზავნა შეაჩერა თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანის აეროპორტმა. რუსეთის ფედერალურ სააგენტო „როსავიაციას“ ტელეგრამით გავრცელებულ ინფორმაციაში აეროპორტის დროებით, „უსაფრთხოების მიზნით" დაკეტვის მიზეზი არ დაუსახელებია. ამ ზომას, როგორც წესი, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის საფრთხის გამო მიმართავენ. ყაზანზე დრონებით იერიშის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მაისში თათრეთის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე შეტევა იყო. ასევე ნახეთ დრონების იერიშით განადგურებულია რუსეთის სუპერთანამედროვე სუ-57 - უკრაინის დაზვერვა უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებად გამოცხადებული აქვთ სამხედრო ობიექტები, სამხედრო მრეწველობის საწარმოები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. ...