რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო კომისიას შუაღამის შემდეგ აღარ განუახლებია 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „პრეზიდენტის“, ალან გაგლოევის პარტია „ნიხასმა“ დილით განაცხადა, რომ პროპორციული და მაჟორიტარული შედეგების დაჯამებით, უმრავლესობა მას ექნება. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შუაღამის შემდეგ, 10 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც ოქმების 21%-ის დამუშავებას ეფუძნებოდა, პროპორციული სისტემით ყველაზე მეტი ხმა - 45,67% ჰქონდა პარტია „ერთიან ოსეთს". ამ პარტიის ლიდერი ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ყოფილი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვია. „ნიხასი“ 29,59%-ით მეორე ადგილზე იყო. წინასწარი შედეგებით, 7%-იან ბარიერს ვერ ლახავს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კიდევ ხუთი პარტია. მათ შორისაა „სახალხო პარტია“, რომელსაც რუსეთის მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ძამბოლათ თედეევი აკონტროლებს(5,86%). ასევე ნახეთ პუტინს ძეგლი დაუდგეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციას დილით მონაცემები არ განუახლებია. თავის მხრივ, „ნიხასმა“ განაცხადა, რომ პარტიული სიებით 31,17% მიიღო და პარტიის კანდიდატებს „მაღალი მაჩვენებლები“ აქვთ მაჟორიტარული სისტემით, რაც უზრუნველყოფს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის 34 წევრიდან ნახევარს პროპორციული და ნახევარს მაჟორიტარული წესით ირჩევენ. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ. ასევე ნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალში ე. წ. არჩევნების ჩატარებას გმობს და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა. იგივე გააკეთეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ. ...