10 ივნისს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტი მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას. ძირითადი კანონპროექტი 13 მუხლისგან შედგება და სწორედ, მასში აღნიშნული საკითხების იმპლემენტაციისთვის იგეგმება კონკრეტულ კანონებში შესწორებების შეტანა. კანონპროექტში განსაზღვრულია ქალის და მამაკაცის დეფინიციები: ქალი - მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი; მამაკაცი - მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება: ქორწინების, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის აკრძალვის, ლგბტ სექსის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების აკრძალვის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაციის ტელეეტერით გავრცელების აკრძალვის, ასევე, ამ საკითხებზე სატელევიზიო რეკლამის გავრცელების აკრძალვის და ლგბტ ურთიერთობის ან ინცესტის „პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის“ ჩატარების აკრძალვის საკითხებს. კანონპროექტი ასევე კრძალავს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფას. დაგეგმილი ცვლილებით, 17 მაისი ოფიციალურად განისაზღვრება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმედ. შინაარსობრივი რეგულირება კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს ცვლილებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და ეხება მუხლს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ითვალისწინებს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას. თუ დღემდე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს, მაგალითად, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება, მუქარა, პერსონალური მონაცემების ან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, შესწორების მიღების შემთხვევაში, ჩამონათვალს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ნებისმიერი მოთხოვნა გახდება შინაარსობრივი რეგულირების საფუძველი. ფილმებიდან სცენების ამოჭრა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებულები იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. როდესაც საქმე ეხება ტელეეთერში ფილმის ჩვენებას, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება იკრძალება. მანიფესტ...