გაეროს უშიშროების საბჭომ 10 ივნისს მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ განსაზღვრულ გეგმას ცეცხლის შეწყვეტაზე ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში - და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის წევრებს მოუწოდა გეგმას დათანხმდნენ, რათა დასრულდეს რვა თვის განმავლობაში მიმდინარე ომი. ჰამასი მიესალმა აშშ-ის მიერ შედგენილი რეზოლუციის პროექტს და განაცხადა, რომ მზადაა შუამავლებთან ითანამშრომლოს, რათა დაინერგოს გეგმის პრინციპები, "რომლებიც შესამაბისობაში იქნება ჩვენს ხალხთან და წინააღმდეგობასთან". რუსეთმა თავი შეიკავა კენჭისყრისგან, უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს სამი ფაზისგან შემდგარ გეგმას ცეცხლის შესაწყვეტად. ეს გეგმა ბაიდენმა 31 მაისს წარმოადგინა და ის ისრაელის ინიციატივად მოიხსენია. "დღეს ჩვენ მშვიდობას მივეცით ხმა" - უთხრა უშიშროების საბჭოს გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა კენჭისყრის შემდეგ. რეზოლუცია მიესალმება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, აცხადებს, რომ ისრაელი მას დათანხმდა და ჰამასს დათანხმებისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია "ორივე მხარეს სთხოვს სრულად დანერგონ მისი პირობები, დაყოვნების და პირობების გარეშე". ამასთან, რეზოლუცია დეტალურად ხსნის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას და აცხადებს - "თუკი მოლაპარაკება პირველ ფაზაში ექვს კვირაზე მეტხანს გასტანს, ცეცხლის შეწყვეტა მაინც იმოქმედებს, მანამ, სანამ მოლაპარაკება გაგრძელდება". თუმცა, მოსკოვმა განაცხადა, რომ გეგმა არ იყო საკმარისად დეტალური - გაეროში რუსეთის ელჩმა, ვალერი ნებენზიამ იკითხა, თუ მაინც რას დათანხმდა ისრაელი და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ ხელი არ უნდა მოაწეროს "ბუნდოვანი პარამეტრების" შეთანხმებებს. უშიშროების საბჭომ მარტში მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა და ჰამასის მხრიდან ყველა მძევლის უპირობო გათავისუფლება. აშშ-დან, ეგვიპტიდან და კატარიდან შუამავლები თვეებია ცდილობენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას. ჰამასი აცხადებს, რომ სურს ღაზაში ომის სამუდამო დასრულება და იქიდან ისრაელის ძალების გასვლა. ისრაელი სამაგიერო ომს აწარმოებს ღაზის მმართველი ჰამასის წინააღმდეგ, რომლის წევრებმაც 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანეს იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ თავდასხმისას დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი, ჰამასმა 250-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა. ღაზაში ტყვეობაში რჩება 100-ზე მეტი მძევალი. ისრაელმა დაიწყო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევა ღაზაზე, რასაც, ღაზის ჯანდაცვის მესვეურების მონაცემებით, ემსხვერპლა 37 000-ზე მეტი პალესტინელი. ასევე ნახეთ ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს სტუმრობს, რათა ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს ...