გერმანია მალე უკრაინას მესამე სისტემა “პატრიოტს”, დანადგარ IRIS-T-ს, საზენიტო შეიარაღებას, რაკეტებსა და სხვადასხვა საბრძოლო მასალას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 ივნისს ბერლინში, უკრაინის რეკონსტრუქციის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა. "უკრაინას ყველაზე მეტად ახლა საბრძოლო მასალა და იარაღი, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემები ესაჭიროება. ამიტომ, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ უკრაინას მივაწვდით მესამე საჰაერო თავდაცვის სისტემა “პატრიოტს”, IRIS-T დანადგარებს, “ლეოპარდის” რაკეტებსა და საბრძოლო მასალას,"-განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცმა კონფერენციის ყველა მონაწილეს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ გერმანიის ინიციატივას “ყველა შესაძლებლობით” უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ. უკრაინის აღდგენის კონფერენცია (URC2024) 11-12 ივნისს ბერლინში იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანი, ომით დაზარალებული უკრაინის ქალაქების აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაა. ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში საჭირო იქნება 486 მილიარდი აშშ დოლარი. ყველაზე დიდი წილი განადგურებულ საცხოვრებელ ფონდზე მოდის. ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას ...