ილია მეორე, წერილით, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, "რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა". "დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს კრისტის აუქციონზე ქართული მხარის მიერ შეძენილ იქნა პალიმფსესტი, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, V-VII სს. არამეულ ენაზე გადაწერილ მასალას, არსებითად ბიბლიურ და ასკეტურ ფრაგმენტებს, რასაც წმინდა წერილის ტექსტის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს; ხოლო, მეორე მხრივ, სინას მთაზე მოღვაწე უდიდესი ლიტურგისტის, იოანე ზოსიმეს მიერ 979 წელს გადაწერილ ლიტურგიკულ ტექსტებს, რომლებიც ქართული საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის უაღრესად ფასეულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა. ღმერთმა დალოცოს მისი ეს უდიდესი საქველმოქმედო ღვაწლი ჩვენი წმინდა ეკლესიისა და სამშობლოს სასიკეთოდ", - წერია პატრიარქის წერილში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, 11 ივნისს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა გაავრცელა. ასევე ნახეთ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. აუქციონზე გატანილი ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ წიგნი პალიმფსესტია, ანუ თავდაპირველ ტექსტზე მოგვიანებით სხვა ტექსტი არის დატანილი. ძველი ნაწერი დასავლური არამეული დიალექტია, რომელზეც ქრისტიანები V-XII საუკუნეებში პალესტინასა და ტრანსიორდანიაში ლაპარაკობდნენ. ეს დიალექტი მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერში შემორჩა. უკვე X საუკუნეში იმავე ფურცლებზე ქართული ტექსტია გადაწერილი, ხუცური ანბანით. წიგნის ფორმატი 200Х150 მილიმეტრია, 70 გვერდი. დაწერილია 979 წელს, ამას ერთ-ერთ გვერდზე თავად გადამწერი იოანე ზოსიმე მიუთითებს. ...